უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები, სხდომაზე მშობლების ნახვის უფლებასაც არ გვაძლევთ,- ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა.
„უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები, ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ მშობლები. როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ შვილს მშობლების ნახვის უფლება არ მისცე. რა დააშავეს დედაჩემმა და მამაჩემმა, რომ ახლა თავის შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოზე. თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ და მინდა, რომ დავტოვო დარბაზი.
სამი დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი, სეპარატისტი ოსი მოკლეს უკრაინელებმა. ის სეპარატისტი, რომლისთვისაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ, საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა მისთვის“, - თქვა კიკნაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომის გახსნის შესახებ, პროცესი ისევ ნახევრად დახურულ ფორმატში გარძელდა.