„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.
ბუჩუკურის თქმით, ისტორიულად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გერმანია არის საქართველოს მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი და გერმანიასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“,
„გერმანიის ფედერაცია იყო და არის საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, მრავალი წლის მეგობარი. ეს მეგობრობა არც ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებულა, არც წინა ხელისუფლების პირობებში, ისტორიულად, გერმანია არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანია გერმანიასთან თანამშრომლობას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ხელისუფლების პერიოდს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის ფედერაცია, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ოცნებისთვის“, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ მათ ეს პარტნიორობა, მაგრამ დღეს უკვე ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ე.წ. „ოცნების“ ლიდერები, რომლებსაც გერმანიაში აქვთ განათლება მიღებული, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს ეს, შეიძლება, თეორია ისწავლეს სამართლის, მაგრამ ფაქტია ღირებულებები მათ ვერ უსწავლიათ. საბოლოო ჯამში ის, რაც დღეს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ხდება და ამ გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ოცნებას“. სამწუხარო რეალობაა, მე პირადად ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ ამაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, რომელსაც თავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიასთან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.