თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის პროცესი უნდა გაიმართოს. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ჩვენება თავად ჩიკვაიძეს უნდა მიეცა, თუმცა ადვოკატის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა ჩიკვაიძეს ეტაპირებაზე უარი უთხრა. მისივე თქმით, უცნობია, ჩაერთვება თუ არა ბიზნესმენი დისტანციურად დღევანდელ სხდომას.
"ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ დღეს ვერ ხერხდება გიორგის ეტაპირება საბადრაგო სამსახურის მხრიდან. გიორგის მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად დასწრებოდა მის სასამართლო პროცესს, თუნდაც ის გამოცხადებულიყო საკაცით, ეტლით, მისთვის უმთავრესია, მიიღოს მონაწილეობა ამ სხდომაზე და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს, სასამართლოში უნდა დაიკითხოს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გიორგი გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე და მისი ეტაპირება განხორციელდეს". - განაცხადა ჩიკვაიძის ადვოკატმა, თემურ ადონიამ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე უნდა გამოიკითხოს ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი.
11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ჩიკვაიძე დაკავების დღიდან საპატიმროში შიმშილობს. 20 მარტს ის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.