ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მკვლევრის, გოჩა მჟავანაძის ცნობით, ვივამედის დირექტორი აქციების დროს დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ედავება.
მჟავანაძის ინფორმაციით, 24 მარტს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
"როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი.
ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო.
თავისუფლება ბათუმელ მედროშეს!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მჟავანაძე.
18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რაც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს გულისხმობს.