საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ჯერ ნარკოტიკების პრობლემას ვერავინ მოერია.
„ერთი ადამიანი რომ ხარ, სადღაც ზიხარ, ტელევიზორს უყურებ, დადიხარ პატიოსნად სამსახურში და არანაირი შეხება არ გაქვს ნარკოტიკთან – როგორ, ამდენი ნარკომომხმარებელია, შესაბამისი ნარკოტიკი უნდა შემოვიდეს, ვიღაცამ უნდა გაყიდოს, მთელი სისტემაა, ხომ? ყველაზე დიდი მავნებლობა სად არის: გაგიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა ამას მართლა ლობირებს. რა ხდება სინამდვილეში: ეს არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა. მაგალითად, ავიღოთ ერთი მიმართულება – „დადება“. ყველაზე სახალხო ენით რომ ვილაპარაკოთ, ბევრ თქვენგანს გაგიგიათ, რომ ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება. რა ხდება ხალხო, რა უბედურებაა, მართლა უბედურება ხდება. გამყიდველი, ის ცენტრალური ნარკორეალიზატორი, საუბარში ბევრი ჩვენგან „ბარიგად“ რომ მოიხსენიებს, შეიძლება, საერთოდ არ იყოს საქართველოში, იყოს ბრაზილიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, ამერიკაში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ისე აწვდიდეს ინფორმაციას რაღაცების შესახებ და ისე აორგანიზებდეს ამ ყველაფერს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმ ე.წ. დამდებსაც, რომელიც მიდის რაღაც ადგილზე, იღებს – ანუ, მთელი ქსელია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიომ ჯერ ვერაფერი უქნა. მერე, საიდან შემოდის ამდენი ნარკოტიკი. რა არ მოიგონეს, თანამედროვე ტექნოლოგიები – მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია ჯერ და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ესე იგი შენ ხარ იმის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.