“ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა
“ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით საზღვარზე. გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი ეძებს ლევან ვარშალომიძეს, რადგან ის პირველ რიგში არის საქართველოს პატრიოტი, ის კონკრეტულ საქმიანობას ეწევა უკრაინაში და იბრძვის უკრაინიდან ისე, როგორც მას ეს შეუძლია და შესაბამისად, ამიტომაც ჰყავს პუტინს ის მტრად გამოცხადებული. საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. პარტიის ერთერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ, საქმე ეხება "რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას".
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ყახაზეთის ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში უკრაინის ხელისუფლება ჩაერთო.