აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან საუბრის დეტალებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების შეწყვეტის საკითხი ვლადიმირ პუტინთან საუბარისას არ განხილულა.
ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპის ყურადღება მიაპყრო კრემლის პროპაგანდისტული მედის მიერ გავრცელებულ ცნობებზე, რომ პუტინი მოითხოვა უკრაინის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პირობა უწოდა.
თუმცა, ტრამპმა უარყო ეს ცნობა და აღნიშნა, რომ მათ საუბარში ეს საკითხი არ განხილულა.
„ვფიქრობ, შესანიშნავი საუბარი გვქონდა, თითქმის ორ საათს გაგრძელდა. სამშვიდობო გზის შესახებ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. და სხვა რამეზეც ვისაუბრეთ. მაგრამ დახმარებაზე არასდროს ყოფილა საუბარი“, - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა აშშ-ის ინტერესი რუსული ბუნებრივი რესურსების მიმართ.
„მათ აქვთ ჩვენთვის ძალიან ღირებული რამ, მათ შორის იშვიათი მიწის რესურსების ძალიან დიდი მარაგი. მათ აქვთ ბევრი მიწა.
მათ ასევე აქვთ ისეთი რამ, რისი გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, გულწრფელად რომ ვთქვათ, და რისი გამოყენებაც სხვა ადამიანებს შეუძლიათ. ვფიქრობ, რუსეთს სურს შეერთებულ შტატებთან საერთო ენის გამონახვა“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად"30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის კონტექსტში რუსული მხარე დაჟინებით მოითხოვს უკრაინისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტას".