თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით.
„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ამ კონფლიქტის დასრულება გრძელვადიანი მშვიდობით არის საჭირო. მათ ასევე ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებას. სისხლი და განძი, რომელიც როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა გაიღო ამ ომში, უკეთ დაიხარჯებოდა მათივე ხალხის საჭიროებებზე.
ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დამთავრებულიყო გულწრფელი და კეთილი ნების მქონე სამშვიდობო ძალისხმევით.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება, ასევე ტექნიკური მოლაპარაკებები გაიმართება შავ
ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე, სრული ცეცხლის შეწყვეტასა და პერმანენტული მშვიდობის დანერგვის შესახებაც. ეს მოლაპარაკებები მყისიერად დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც რეგიონზე მომავალი კონფლიქტების აღსაკვეთად პოტენციური თანამშრომლობისთვის. მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის არ გავრცელების საჭიროება და სხვებთან გამართავენ საუბრებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამის მაქსიმალურად სისრულეში მოყვანა. ორივე ლიდერი იზიარებს ხედვას, რომ ირანი არასდროს უნდა იყოს ისეთ პოზიციაში, რომ ისრაელის განადგურება შეძლოს.
ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მომავალს, აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით, დიდი უპირატესობა აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა მიღწეული იქნება", - წერია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა კრემლის განცხადება, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ. მათივე ცნობით, შესაბამისი ბრძანება პუტინმა რუს სამხედროებს უკვე მისცა.