აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს ტერიტორიები „მომავალი უსაფრთხოების გარანტიების, უკრაინის მომავალი სტატუსის“ სანაცვლოდ.
ამის შესახებ უოლცმა ABC News-ის ეთერში განაცხადა.
წამყვანმა ტრამპის მრჩეველს შეკითხვა დაუსვა, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების შესაძლო მონახაზების შესახებ და ჰკითხა, ითვალისწინებს თუ არა ის უკრაინის ტერიტორიების დაკარგვას, რომლებიც "ძირითადად რუსეთიდან ჩასულებით არის დასახლებული".
უოლცმა ამაზე უპასუხა, რომ საუბარია მომავალი შეთანხმების ელემენტებზე, რომლებიც განიხილებოდა 2022 წელს [მან არ დააკონკრეტა, მაგრამ ალბათ გულისხმობდა მოლაპარაკებებს თურქეთში], „და უფრო ადრეც“.
„საუბარია ერთგვარ „ტერიტორიაზე მომავალი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინის სამომავლო სტატუსზე, - თქვა უოლცმა“.
უოლცმა არ დააკონკრეტა რა შეიძლება იყოს ეს „უსაფრთხოების გარანტიები“, მაგრამ გაიხსენა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“.
ABC News-ის წამყვანმა ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთი მოიპოვებს ტერიტორიებს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.
„ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, შედის თუ არა ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში, არის თუ არა ეს რეალისტური. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ როგორც ევროპელებთან, ასევე უკრაინელებთან. ვაპირებთ თუ არა ყველა რუსის გაძევებას უკრაინის მიწის ყოველი სანტიმეტრიდან, მათ შორის ყირიმიდან?“ - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
შემდეგ მან გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია, რამაც მისი თქმით, გამოიწვია „გაუთავებელი საბრძოლო მოქმედებები“ და გაზარდა „მესამე მსოფლიო ომის“ რისკი.
„ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სწორი და არასწორი, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ რეალურ ვითარებაზე ადგილზე. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - დიპლომატიის, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით“, -თქვა უოლცმა.