გამოკითხული ამერიკელების უმეტესობა არ ეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიმართ. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მიუღებელია ტრამპის მიდგომა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხში.
ამის შესახებ ცნობილი გახდა SSRS-ის მიერ ჩატარებული CNN-ის გამოკითხვის შედეგად.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% არ იწონებს ტრამპის ქმედებებს მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობაში. 41%-მა საპირისპირო თქვა.
რაც შეეხება უკრაინას, ამერიკელ გამოკითხულთა 55% არ იწონებს აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებებს კიევის მიმართ, ხოლო 44% მიიჩნევს, რომ ტრამპი ყველაფერს სწორად აკეთებს.
გარდა ამისა, რესპონდენტთა 59%-ს მიაჩნია, რომ „არც თუ ისე სავარაუდოა“, რომ ტრამპის მიდგომა უკრაინაში კონფლიქტისადმი გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს მოსკოვსა და კიევს შორის. კიდევ 41% საპირისპირო მოსაზრებისაა.
გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარმა განაცხადა, რომ ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის ცუდია, 29% ამბობს, რომ ეს კარგია ქვეყნისთვის, ხოლო დანარჩენი ამბობს, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.
გამოკითხვის შედეგი პარტიული ნიშნით დაყოფის შემთხვევაში სხვაგვარია – დემოკრატების 77% ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა ცუდია ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების 61% ამბობს, რომ ეს კარგია. დამოუკიდებელი ამომრჩევლების 55% ნეგატიურად აფასებს დონალდ ტრამპის მიდგომას.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღო კარგი ამბავი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. მან განმარტა, რომ კონფლიქტის მოგვარებამდე ჯერ კიდევ "დიდი გზაა გასავლელი".