აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავთ. ამის შესახებ პკრიბელაშვილის მამა და ადვოკატი აცხადებენ.
მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ შვილმა დაურეკა და შველა სთხოვა.
"ზარი იყო, მამა მიშველეო, გადაყვანა უნდათ ჩემიო. რატომ, რა მიზეზით, არ ვიცი, ყველაფერი ვერ მითრა. ნებაყოფლობის გარეშე, როცა აიძულებს ადამიანი, ე.ი. ფიზიკური ზეწოლაა. შეტანილი მაქვს საბუთები იმისათვის, რომ არ გადაიყვანონ და მაინც დააპირეს გადაყვანა", - აცხადებს ის "TV პირველთან".
მისი თქმით, შვილის გადაყვანა იმიტომ უნდათ, რომ ის ციხეში სინდისის პატიმარს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს შეხვდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
"მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ გადაეჩეხნენ ერთმანეთს და ჩაეხუტნენ. მეგობრები არიან, კი ბატონო, მაგრამ უნდათ, რომ ეს კავშირი შეწყვიტონ მაქსიმალურად", - ამბობს მამა.
ადვოკატის თქმით, უკვე დაუკავშირდნენ პენიტენციურ სამსახურს და მომხდარის შესახებ აცნობეს.
"დღეს დილით ომარი მირეკავს და მეუბნება ასეთ რამეს, რომ დაახლოებით ათ კაცამდე ბადრაგი შემოცვივდა ჩემს საკანში და იძულებით ცდილობენ ჩემს ნომერ მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას.
ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ გადაიყვანონ ეს ორი ბრალდებული მე-12 დაწესებულებაში, იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მიმართ განხორციელდება არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა.
ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და დღეს ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ იძულებას აქვს ადგილი ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ", - აცხადებს ადვოკატი.
20 იანვარს მარტის აქციების დროს დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
მათ მოსამართლემ სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებისას ძალადობრივად დაკავებულ ორივე აქტივისტს პროკურატურა პარლამენტის 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.
ფოტო: პუბლიკა