რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ განიხილავს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას და ცდილობს გადადოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW]-ის ანგარიშში.
ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლის განცხადებები 13 მარტს აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან პუტინის შეხვედრის შემდეგ ადასტურებს, რომ არ სურს მხარი დაუჭიროს აშშ-უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას.
ამის ნაცვლად, კრემლი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ან, თუ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დათანხმდება, გამოიყენოს იგი რუსული ჯარების დასასვენებლად და გადასაიარაღებლად.
ISW-ის შეფასებით, პუტინი, სავარაუდოდ, დაარღვევს ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას და დაადანაშაულებს უკრაინას მის შეუსრულებლობაში.
„პუტინის ბოლოდროინდელი მოწოდებები ტრამპთან პირდაპირი სატელეფონო ზარის შესახებ არის მხოლოდ პუტინის უკანასკნელი ნაბიჯი, რათა მსოფლიო ასპარეზზე რუსეთი და შეერთებული შტატები თანასწორად პოზიციონირებდეს.
რუსულმა ინსაიდერულმა წყაროებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ პუტინი ცდილობს მოლაპარაკებების გაჭიანურებას შესაძლო დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და პუტინის ბოლო საჯარო განცხადებები შეესაბამება ამ ინსაიდერთა განცხადებებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, აშშ-ის დაზვერვას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარს არ ამბობს უკრაინის კონტროლის სურვილზე. The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშები, მათ შორის ის, რაც ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, ეჭვქვეშ აყენებს პუტინის მზადყოფნას დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.