აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესა ტაილანდის ამჟამინდელი და ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მუსლიმი უიღურების ჩინეთში დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.
„დღეს ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას... დაუყოვნებლივ განვახორციელებ ამ პოლიტიკას და მივიღებ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებით ტაილანდის ამჟამინდელ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ ტაილანდიდან 40 უიღურის იძულებით დაბრუნებაში 27 თებერვალს“, - თქვა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ჩინეთის ნებისმიერ მცდელობას, მოახდინოს ზეწოლა სხვა მთავრობებზე უიღურებისა და სხვა უმცირესობების ჩინეთში დეპორტაციის მიზნით.
ახალი პოლიტიკის მიხედვით, ზომები გავრცელდება ყველასთვის, ვინც მონაწილეობს უიღურების ან სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წევრების ჩინეთში დეპორტაციაში.
ადგილობრივი მედია 28 თებერვალს წერდა, რომ ტაილანდის მთავრობამ ჩინეთში 40 უიღურის დეპორტაცია მოახდინა, რომლებიც 2014 წელს ქვეყანაში არალეგალურად შევიდნენ და 10 წელზე მეტი გაატარეს ბანგკოკში საიმიგრაციო პოლიციის დაკავების ცენტრში.
მედიის ცნობით, დეპორტაცია ტაილანდისა და ჩინეთის მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ჩინეთის მხარე დეპორტირებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის გარანტიას იძლეოდა.
ტაილანდის ხელისუფლებამ დეპორტაციისთანავე განაცხადა, რომ დეპორტირებულები დაბრუნდნენ ოჯახებში და თავისუფლები იყვნენ, ასევე
პირობა დადო, რომ უახლოეს თვეებში, ჩინურ მხარესთან შეთანხმებით, მოეწყობა მაღალი დონის დელეგაციების საინსპექციო ვიზიტები სინციან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში, რათა დეპორტირებულთა მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შემოწმებს მიზნით.
ჩინეთს წლების მანძილზე ბრალად ედება სინძიან-უიღურის პროვინციაში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სპეციალურ "საგანმანათლებლო" ბანაკებსა და ციხეებში მოთავსება, სადაც მათი უფლებები უხეშად ირღვეოდა.
2018 წლის აგვისტოს ბოლოს, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ 1 მილიონამდე ეთნიკური უიღური შესაძლოა იმყოფებოდეს „საგანმანათლებლო“ ბანაკებში სინძიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში.
ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. გარდა ამისა, ხშირი იყო არაადამიანური მოპყრობის, იძულებითი შრომისა და წამების შემთხვევებიც.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროპის ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის მიერ სინძიანში უიღურების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ-მ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.