სენატში MEGOBARI აქტის მოსმენა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის გადაიდო. ამის შესახებ TV პირველის ეთერში, ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძემ ისაუბრა.
„დღეს სენატში მოსმენა, საქართველოსთან დაკავშირებით, გადაიდო. დაახლოებული წყაროს ცნობით, გადადება უკავშირდება პროცედურულ საკითხებს, კერძოდ, დემოკრატების უკმაყოფილებას გარკვეული საკითხებით და სწორედ მათი თხოვნით მოხდა. ეს უკავშირდება არა საქართველოს, არამედ დონალდ ტრამპის პოლიტიკას და მის საგარეო ნაბიჯებს. ვერ მოხდა შეთანხმება დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს შორის. მისი განხილვა ახლა უკვე მარტის ბოლოსკენაა დაგეგმილი. დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ეს აქტი უნდა მიეღო, თუმცა, ეს უკვე რამდენიმე კვირაში მოხდება. შემდეგ უკვე, როდესაც აქტს მიიღებს სენატის საგარეო კომიტეტი, ის საერთო კენჭისყრაზე გავა, ამასთან ერთად კი, წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს ამ აქტის მათი ვერსიის განხილვა, რომელიც ასევე ჯერ კომიტეტმა, შემდეგ კი უკვე პალატამ უნდა მიიღოს.
საქართველოს შემთხვევაში და სენატის შემთხვევაში, აქტი მარტის ბოლოდან, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად დაწინაურდება, რადგან, მსგავს საკითხებზე, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგეს გარეშე ხდება კენჭისყრა. თუ ყველა თანხმდება სენატში აღნიშნულ საკითხზე, მაშინ სენატი მას საერთო მოსმენის გარეშე იღებს, შესაძლებელია, ეს მოხდეს სწორედ საქართველოს “მეგობარი აქტის“ შემთხვევაშიც, - აღნიშნა ჩხიკვაძემ.