უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ერმაკის თქმით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო.
ერმაკი წერს, რომ ბოლო პერიოდში პარტნიორებთან დიალოგი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე იმედის საფუძველს იძლევა.
"ბოლო დროინდელი მოლპარაკებები უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის იმედის საფუძველს იძლევა, რომ უკრაინელები ძალიან მალე დაუბრუნდებიან მშვიდობიან ცხოვრებას, რაც მათ 2014 წელს ომის დაწყებამდე, ან 2022 წელს მის ესკალაციამდე ჰქონდათ. მჯერა, რომ ამერიკის ძლიერი ლიდერობით ჩვენ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია" – წერს ერმაკი.
საუდის არაბეთში უკრაინული დელეგაციის შეხვედრა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. უკრაინის მხარეს, ანდრიი ერმაკთან ერთად, წარმოადგენენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. აშშ-ის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი.