თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
მოსამართლეს პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით და აღნიშნა, რომ ბრალდებულები საკუთარ პროცესზე რამდენჯერმე არ გამოცხადნენ, ასევე არსებობდა მიმალვის საშიშროება, რის გამოც ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა.
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ როგორც ახალგაზრდა დედა, როცა ყველაზე ძალიან დასჭირდებით თქვენ შვილს ვერ იყოთ მის გვერდით, არამედ იყოთ იქ, სადაც მიშვებთ მე, ამის პირობას გაძლევთ. ეს სიტყვები დაიმახსოვრე შე მურუსიძის მონა და თუ არ დასანქცირდები მაგას ვნახავთ" - მიმართა ჩიკვაიძემ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
პროცესი დასკვნით ეტაპზეა, გამოსაკვლევი მხოლოდ ბრალდებულთა ჩვენებებია.