ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიზანია კანონიერი ხელისუფლების შეცვლა, ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან. სამი ქვეყნის ხელისუფლებებს აქვთ ერთადერთი ინტერესი, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიზანი არის ნათელი, რაც ამ სამ ქვეყანას, მათ ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვთ, არის კანონიერი ხელისუფლების შეცვლა და, როგორც ჩანს, სურვილია, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც ივლის მათ ჭკუაზე. უფრო სწორად, ის, ვინც მათ ხელმძღვანელობს იქით, მათ ჭკუაზე ივლის. მე ამაზე დავწერე კიდეც, რომ მიზანი სულ სხვა არის. ამ სამი ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი ინტერესი. ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებით და იმის ნაცვლად, თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ, თუ ბრძოლა უნდათ, იბრძოლონ, ცდილობენ, სხვა ქვეყნების ხელით აიცილონ ეს, ყურადღება გადაატანინონ რუსეთს სხვა საკითხებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს დღეები ძალიან ნიშანდობლივი იყო. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციების ხელით, დღეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და განსაკუთრებით სწორედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გამოირჩევიან.
„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ, ნახეთ, რომ შეწყდა ყველა დაფინანსება, თავად პრეზიდენტ ტრამპის აღიარებითვე, მის აღმასრულებელ განკარგულებაში წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილი იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში, უფრო ფარულად, არაპირდაპირ, დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. სამი რესპუბლიკა, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან, პირდაპირ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ“.