სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, პოლიციელი ამხილა.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და სოცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, გამოძიება აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით აგრძელებს.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.