ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი არის მარიონეტული ომი ორ ბირთვულ ძალას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს შორის, შეერთებული შტატებს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის, და ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად. აქამდე უკრაინელების და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, რომ უბრალოდ მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. ეს არ არის სტრატეგია“, – განაცხადა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ამ ომს განიხილავს, როგორც გაჭიანურებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტს,
„ორივე მხარე მაგიდასთან უნდა იყოს. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რადგან ეს მათი ქვეყანაა. რუსები უნდა იყვნენ მოლაპარაკებების ნაწილი ომის დასასრულებლად და მხოლოდ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება. ეს იყო მიზანი, ეს რჩება მიზნად და ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული", - განაცხადა მარკო რუბიომ.