აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა.
აღნიშნულ პოსტზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება.
მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი ელისო ბოლო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ის გახლდათ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ასევე, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პარიზის უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში; გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი დადებითი სიახლე გვექნება.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. ქალბატონი მაია გააგრძელებს განათლების, ასევე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.