ყველამ დავინახეთ, სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი, თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს დღეს ამ სიმართლეს, საით არის და ეს სანქციები რას ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. საერთოდ არაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ პირადად მეც ვთქვი და ჩვენ სულ ვაცხადებთ, რომ ახლა ევრობიუროკრატიიდან, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენები ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მძლავრად არის ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა. უფრო მეტიც შეიძლება იყოს. უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმაც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ევროპელებმაც, ამერიკელებმაც, ქართველებმა – მით უმეტეს. ყველამ ერთად დავინახეთ, სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი, თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს დღეს ამ სიმართლეს, საით არის და ეს სანქციები რას ემსახურება. ასეთი სანქციები, ვიდრე ეს სიმართლე ასე ბოლომდე ხელისგულზე გამოვიდოდა, მაშინვე არ იყო საქართველოსთვის საშიში, იმიტომ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის მხარეს აუმჯობესებდა ამ ყველაფრის მიუხედავად. დღეს, მით უმეტეს, აქ არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.