ლონდონში უსაფრთხოების სამიტი დასრულდა, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილებოდა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს "კარგი და გულწრფელი დისკუსია" უწოდა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას სჭირდება „უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები“ ეკონომიკისა და სამხედროების მხარდასაჭერად.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით "სასწრაფოდ საჭიროა ევროპის ხელახალი შეიარაღება" და ამის შესახებ გეგმას ევროკომისია ევროპულ საბჭოზე 6 მარტს წარადგენს, რათა ევროპა რეალურად მასიურად გაძლიერდეს.
„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ეს საჭიროა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა”. – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აშშ-სთვის მის გზავნილთან დაკავშირებით ფონ დერ ლაიენმა თქვა:
„ჩვენ მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ არ შეიძლება, შეიჭრა [სხვა ქვეყანაში] და დაჩაგრო შენუ მეზობელი, ან შეცვალო საზღვრები იძულებით”.