ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზეა.
„ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ვისურვებდი, სხვა ადგილას ვყოფილიყავით, თუმცა ყველამ იცის, რომ სიტუაცია უკიდურესად რთულია. ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, გაეღო კარი საქართველოსთვის. მას უნდა განეხორციელებინა რეფორმები. როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმრავლესობა არ ხორციელდება, პირიქით, იდგმება ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არსებული მდგომარეობა“,- აღნიშნა ელჩმა.