რუსეთის დაზვერვის განცხადება ჰიბრიდული ომის ნაწილია! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"რუსეთს უნდა, რომ ქართველი ხალხი დააჯეროს: მტერი დასავლეთია, რუსეთი კი „მზრუნველი მოკავშირე"!
დააკვირდით – რუსეთმა თქვა, რომ „დასავლეთი საქართველოში არეულობას აწყობს" – და დღეს, „ოცნებამ" ეს სიტყვასიტყვით გაიმეორა!
ასევე ამ კამპანიის ნაწილია ყოველდღიური საინფორმაციო შეტევები ევროკავშირის, გერმანიის და სხვა მეგობარი ელჩების წინააღმდეგ.
ეს არ არის შემთხვევითობა – ეს არის კოორდინირებული პროპაგანდა, რომელიც საქართველოს დასავლური კურსის დასაბლოკად მიმდინარეობს! ეს არის მცდელობა, რეალური საფრთხე – რუსეთი – ჩაანაცვლონ გამოგონილი „მტრით"!
დავსვათ კითხვა: ვინ არის ივანიშვილის რეჟიმისთვის „მტერი"? – ევროპა, ამერიკა, ქართველი პატრიოტები, აქციის მონაწილეები!
ვინ არიან მათი მეგობრები? – კრემლი და დიქტატორების კლუბი, დამრბევები და მოძალადეები, სადაც „ქართული ოცნება" თავს კომფორტულად გრძნობს!
და კიდევ ერთი კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან!
ის რეჟიმები, რომლებსაც თავისუფალი, ერთიანი საქართველო არ სჭირდებათ!
მათი ამოცანა მარტივია – მათ უნდათ, რომ მტრისა და მოყვარის გარჩევა ვეღარ შევძლოთ!" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ირწმუნება, რომ ევროკავშირს "საქართველოს გათავისუფლება არ სურს" და ნებისმიერ ფასად აპირებს ქვეყნის "დემოკრატიული ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას".