შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გომელაურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შტაბის ძირითადი ამოცანები გააცნო და დაგეგმილი სამაშველო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„გურიის რეგიონში მოწყობილ 6 ლოკალურ შტაბში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელება, ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა ხდება. შტაბში მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.
ვახტანგ გომელაურმა მეხანძრე-მაშველებსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა მინისტრი სოფელ ბაილეთში ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.ვახტანგ გომელაური გურიის პოლიციის დეპარტამენტშიც იმყოფებოდა, სადაც დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა სამართალდამცველებს რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.