"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საჯარო სამსახურიდან უკვე დაახლოებით 400 პირი გაათავისუფლეს.
"საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებების მხრივ ლიდერობენ იუსტიციის სამინისტროს სსიპები, მათ შორის, საჯარო რეესტრის სააგენტო, პრობაციის სააგენტო და იუსტიციის სახლი. გათავისუფლებების ტემპებით მალე მათ ასევე დაეწევა თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში და თბილისის მერიაში, საიდანაც თანამშრომლებს უკვე მიუვიდათ შეტყობინება შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მიმდინარეობს სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც 10 მარტს უნდა დასრულდეს. ასევე მიმდინარეობს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც 2025 წლის 1 აპრილს დასრულდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქტიურად არის ჩართული ყოფილი საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის პროცესში: დღეისათვის სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული 11 პირის სახელით; მომზადების პროცესშია კიდევ 8 სარჩელი;კონსულტაცია გავუწიეთ 70-ზე მეტ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს", - ამბობენ ორგანიზაციაში.