მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე, პიანისტი ბეტსი არაკავა, ნიუ-მექსიკოში, სანტა-ფეს გარეუბანში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
ამის შესახებ Santa Fe New Mexican სანტა-ფეს საოლქო შერიფზე დაყრდნობით იუწყება.
შერიფის თქმით, მსახიობი, მისი მეუღლე და მათი ძაღლი 26 თებერვლის შუადღისას გარდაცვლილი იპოვეს, პოლიციამ კი მათი გარდაცვალება 27 თებერვალს ღამით დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი და ზუსტი დრო უცნობია.
შერიფის თქმით, წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
ჰეკმანი 95 წლის იყო, მისი მეუღლე კი – 63-ის.
ჯინ ჰეკმანის კარიერა ექვს ათეულ წელს ითვლის. მას მიღებული აქვს ორი „ოსკარი“, ორი „ბაფტა“, ოთხი „ოქროს გლობუსი“ და მსახიობთა გილდიის ჯილდო.