ზუსტად იმ დროს, როდესაც საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე, ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და „ენჯეოებს“, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოება ხედავს, რომ ადგილზე მიმდინარეობს, უპირველესად ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა დიდთოვლობისგან გამოწვეული კომუნიკაციის შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას ვგულისხმობ, თუმცა სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, სიმძიმის, როგორიც გურიაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თავად ხელმძღვანელობს პროცესს. ვითარებას ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება და ხელახალი გაწმენდითი სამუშაოები არის ხოლმე საჭირო. აქედან გამომდინარე, რთულია მუშაობა ამ პირობებში, მაგრამ გუშინ საღამოსაც მოვისმინეთ, დღესაც ვნახეთ განცხადებები, რომ ბევრ სოფელთან უკვე კავშირი აღდგა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ზუსტად იმ დროს, როდესაც საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე, ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და „ენჯეოებს“, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას. აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში, ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას, კიდევ უფრო ემოციურად დაამძიმონ ან გააღიზიანონ საზოგადოება. ეს მედიასტანდარტში ისედაც არ ჯდება, მაგრამ არც ადამიანურ სტანდარტში ჯდება. გუშინ რამდენჯერმე ვნახეთ, რომ გავრცელებული იყო ცრუ ინფორმაცია. რამდენიმე საათის შემდეგ თითქოს უარყვეს ეს ინფორმაცია, მაგრამ რჩება მავნე შედეგი, რაც მოაქვს დეზინფორმაციას. დაბნეულობას, ადამიანის ემოციებზე თამაშს თავისი შედეგი მოაქვს და შემდეგ ჩასწორებას დიდი გავლენა, შეიძლება, არც ჰქონდეს. მათ შორის, ჩემი გუშინდელი კომენტარიც პირდაპირ სპეკულაციურად იყო. მანიპულაციაც აღარ ჰქვია ამას, იმდენად დაჩეხილად იყო გამოყვანილი სტიქიასთან დაკავშირებით ჩემი კომენტარის ნახევარწამიანი მონაკვეთი. მათ შორის, თუ არ ვცდები, მამუკა მდინარაძეზეც იყო. მიზანია, ყველა ასეთი მძიმე შემთხვევა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. პოლიტიკური მიზანი რაიმე კონკრეტული კი არ არის, რაღაც შედეგებზე კი არ არის გათვლილი, არამედ ერთადერთი პოლიტიკური მიზანია საზოგადოების ემოციური დათრგუნვა, დატვირთვა, დაბნეულობის შეტანა, ემოციურად გაღიზიანება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.