აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, დაიწყოს „ოქროს ბარათების“ გაყიდვა უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ აშშ-ში ცხოვრება და სამუშაო ადგილების შექმნა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ოქროს ბარათის“ ფასი ხუთი მილიონი დოლარი იქნება.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება CNN
ტრამპის თქმით, „ოქროს ბარათი“ ტრადიციული მწვანე ბარათის პრემიუმ ანალოგი იქნება.
„ჩვენ გავყიდით ოქროს ბარათს, თქვენ გაქვთ მწვანე ბარათი და ეს იქნება ოქროს ბარათი.
ის დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დაჯდება და იგივე შეღავათებს მიიღებს, რაც მწვანე ბარათს აქვს, ოღონდ დამატებით გზას მოქალაქეობისკენ. ეს მოიზიდავს მდიდარ ადამიანებს აშშ-ში," - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ „ოქროს ბარათების“ გაყიდვები ორ კვირაში დაიწყება და ივარაუდა, რომ მილიონობით ადამიანს შეუძლია მათი ყიდვა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე რუს ოლიგარქებს ექნებათ თუ არა ბარათების შეძენის შესაძლებლობა, ტრამპმა უპასუხა, რომ „შესაძლებელია“.
მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან“, - თქვა ტრამპმა.