25 თებერვალს უმაღლესმა რადამ მეორე მცდელობით მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ რუსული აგრესიის კონტექსტში“, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოაცხადებს როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი“.
ამის შესახებ რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი Telegram-ზე წერს.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 268 დეპუტატმა დაუჭირა.
"უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინელი ხალხის სახელით აცხადებს, რომ უკრაინა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, როგორც კი მის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოაცხადებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად." - წერია მიღებულ განცხადებაში.
მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "უკრაინის უმაღლესი რადა და უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი არჩეულები არიან თავისუფალ, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებში, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით, რაც აღიარებული იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ".
ასევე ნათქვამია, რომ "საომარი ვითარების სამართლებრივ რეჟიმში არჩევნების ორგანიზაციისა და ჩატარების შემთხვევაში არ იქნება გათვალისწინებული საარჩევნო უფლებათა ყველა ეროვნული და საერთაშორისო პრინციპი, რაც ასეთ არჩევნებს გადააქცევს ფარსად, ისეთად, როგორიც 2024 წლის მარტში რუსეთის ფედერაციაში ვლადიმირ პუტინის ხელახალი დანიშვნა იყო".
ამ განცხადების მიღებით, "უმაღლესი რადა ხაზს უსვამს, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი იმაზე, რომ უკრაინაში დღეს შეუძლებელია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება". ასევე ხაზგასმულია, რომ საომარი მდგომარეობა არ იძლევა არჩევნების კონსტიტუციის შესაბამისად ჩატარების საშუალებას.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მანდატს უკრაინის უმაღლესი რადა და ხალხი ეჭვქვეშ არ აყენებს.
"უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება მანამ, სანამ უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი თანამდებობას არ დაიკავებს უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად." - ნათქვამია რადის მიღებულ გადაწყვეტილებაში.