გახარიას გუნდის წევრის, თეონა აქუბარდიას განცახდებით, დასავლეთ საქართველოში დატრიალებული სტიქიის შედეგებზე "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას არ იღებს და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას თავიდან ირიდებს.
"წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და 112-მა ინფორმაცია კიდეც დააგზავნა მოქალაქეებთან და მაშინ, როდესაც უამრავი მოქალაქე ჩარჩენილია დიდ თოვლში და ერთი, სამწუხაროდ, კიდეც დაიღუპა, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ირიდებს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რაც უშუალოდ მისი ვალდებულებაა და ირაკლი კობახიძე დასავლეთის ლანძღვის იქით არც კი წასულა, რომ ნუგეში და იმედი მაინც მიეცა მოქალაქეებისთვის. შალვა პაპუაშვილი უბრალოდ თოვლს ეძახის იმ მძიმე მდგომარეობას, რამაც უკვე ერთი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია, გასაგებია, რომ სახელმწიფო არ დადგება მოქალაქეების გვერდზე, - თქვა თეონა აქუბარდიამ.
გურიაში დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და უთავდებათ საკვების მარაგიც.
დაინგრა სახლებიც, დაზიანდა სახურავები. გურიაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.