გამაოგნებელია ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები. ვურჩევდი, ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს. ის არც პროკურორად დაუნიშნავს აქ ევროკავშირს და არც აგრემანი მიგვიცია მისთვის, როგორც პროკურორისთვის საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც სამი თვეა, გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ“.
„ყველაფერთან ერთად, ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს, ერთი იმას, რომ თქვას, სად იყო ძალადობა, მეორე, თქვას, ვინ ჩაიდინა ძალადობა და მესამე, სანქციებიც გამოუწეროს ამ ადამიანებს. არ ვიცი, ასეთი პრეტენზია თუ აქვს, ერთად იყოს თავმოყრილი მასში პროკურორიც, ადვოკატიც, მბრალდებელიც, მოსამართლეც და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს, მგონი, აცდენილია იმას, რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ პოზიციის ნაცვლად, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სწორედ ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში. რატომ არ გვეუბნებიან დღემდე, რატომ გვიმალავს, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, რაში იხარჯება „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფული. მე ამაზე პასუხი მაქვს. მიზეზი, რატომაც მალავს დღემდე ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელი სად მიდის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფინანსები, მიზეზი არის ის, რომ როგორც კი გასაჯაროვდება, როგორც ეს მოხდა USAID-ისა და ამერიკული დაფინანსების შემთხვევაში, ყველა დაინახავს, რომ ეს ფული მიდიოდა მოძალადე ჯგუფებზე, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე, რომ ეს ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში და როგორც ჩანს, არ სურთ ზოგიერთებს, ეს საჯარო გახდეს. ამიტომ, ნაცვლად მორალისტობისა და ქართველი ხალხის დამუნათებისა, მისი ფუნქცია რაც არის, ის შეასრულოს. ასე ძალიან თუ წუხს ქართველ ხალხზე, უთხრას, რაში იხარჯება ბრიუსელიდან წამოსული ფული და თუ კარგ საქმეშია, რა არის ამაში დასამალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.