აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 24 თებერვალს თეთრ სახლში მასპინძლობს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. იუწყება Reuters,
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე მაკრონი თეთრ სახლში ჩავიდა ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის, სადაც მოსალოდნელია უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივების განხილვა მკვეთრი უთანხმოების ფონზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს.
მაკრონის თქმით, ის ტრამპს წარუდგენს კონკრეტულ წინადადებებს აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი ნაბიჯების თაობაზე. კერძოდ, მედიით გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება ტრამპი დაარწმუნოს, რომ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობა აუცილებელია.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მაკრონი გახდა პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც ეწვია ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ასევე ეწვევა ტრამპს ამ კვირის ბოლოს.
ორივე ლიდერი შეეცდება ტრამპი დაარწმუნოს, რომ თავიანთი ძალების დისლოკაციით ევროპის სახელმწიფოები იკისრებენ უკრაინის უსაფრთხოებაზე გარანტიებს - რასაც, ფაქტობრივად, მათგან თავად ვაშინგტონი ითხოვს.
ამასთან, შეხვედრებზე სავარაუდოდ განიხილავენ ვაჭრობის საკითხებსაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის.