The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღის და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციის უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს.
გამოცემის ცნობით, ევროპის დედაქალაქებში გაგზავნილ შეტყობინებაში აშშ-ის დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.
„ჩვენ მოვუწოდეთ უკრაინას, გაიწვიოს თავისი რეზოლუციის პროექტი და ნაცვლად ამისა, შემოგვიერთდეს ისეთ რეზოლუციაზე, რომელიც შეიძლება, კონსენსუსით მიიღონ და რომელიც მომავალზეა ორიენტირებული, ფოკუსირებული ერთ მარტივ იდეაზე: ომის დასრულებაზე“, – ნათქვამია აშშ-ის შეტყობინებაში, რომელიც ევროპის დედაქალაქებში გაიგზავნა.
„ჩვენ ვაპირებთ, უკრაინის რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მივცეთ ხმა და ვცდილობთ, მივიღოთ მოკლე, მარტივი ტექსტი, რომელზეც, ჩვენი აზრით, ყველა წევრ სახელმწიფოს, უკრაინისა და რუსეთის ჩათვლით, შეუძლია თანხმობა. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ უკრაინისადმი მოწოდებაში, გაიწვიოს თავისი რეზოლუცია“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ-მა ასევე სთხოვა უკრაინის ოფიციალურ პირებს, უკან გაეწვიათ რეზოლუცია, რაზეც კიევმა უარი თქვა.
თავის მხრივ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სთხოვა ვაშინგტონს, შეეცვალა თავისი პროექტი. აშშ-მა განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს.
ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში არ არის ნახსენები, თუ ვინ დაიწყო ომი და ის არც კრემლის მიმართ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, „ამ რეზოლუციას ჰყავს ერთი თანასპონსორი: საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირებიც მოსკოვთან ბოლო დროს დათბა”.