გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
დაახლოებით 59,2 მილიონ მოქალაქეს აქვს უფლება, აირჩიოს ბუნდესთაგის მაქსიმუმ 630 წევრი.
ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გერმანიის სამთავრობო კოალიცია სოციალ-დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების შემადგენლობით და კანცლერ ოლაფ შოლცის მეთაურობით, დაიშალა 2024 წლის 6 ნოემბერს.
ამომრჩევლები ერთი ხმით ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებს აირჩევენ, ხოლო მეორე ხმით პარტიებს. ბუნდესთაგში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ან მოიპოვებენ სამზე მეტ პირდაპირ მანდატს.
გამოკითხვების თანახმად, კანცლერობის ყველაზე მაღალი შანსი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერს ფრიდრიხ მერცს აქვს. იგი არის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ბლოკის კანცლერობის კანდიდატი. ბლოკი 2021 წლიდან ბუნდესთაგის წამყვანი ოპოზიციური ძალაა. მანამდე ბლოკი 16 წლის განმავლობაში მართავდა გერმანიას და ახლა კვლავ სურს მართვის სადავეების აღება.
ვარაუდობენ, რომ CDU/CSU-ს ბლოკი ვადამდელ არჩევნებზე ხმების დაახლოებით 30%-ს აიღებს. დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AFD) გავა, რომელიც დაახლოებით ხმების 20%-ს აიღებს. ეს იქნება ორჯერ მეტი, ვიდრე პარტიამ მიიღო ბოლო არჩევნებში.
კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) სავარაუდოდ 16%-ს მიიღებს.
გერმანიის ბუნდესთაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 16 დეკემბერს გამოუცხადა.