ავტომობილის მფლობელი, რომელსაც 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო დემონსტრაციაზე პოლიციელები მუშტებს ურტყამდნენ, დღეს, 22 თებერვალს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, მართვის მოწმობა ჩამოართვეს და სასამართლოში დაიბარეს.
პოლიციამ 1 500 ლარით დააჯარიმა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც "თბილისი მოლთან" გამართული აქციის დროს, მომიტინგეებს ავტომობილის სიგნალის მეშვეობით მხარაჭერა გამოუცხადა.
22 თებერვალს მოქალაქე თათუშა არველაძემ, - რომელიც, 2 თებერვლის მსგავსად, 22 თებერვალსაც თან ახლდა ავტომობილს, - გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შეყვარებული, ავტომობილის მძღოლი გიორგი მონავარდისაშვილი პოლიციელებს ჰყავთ გაჩერებული რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარედ.
გიორგი მონავარდისაშვილს, რომლის მანქანაზეც სპეცრაზმელები ფეხებს და ხელებს აბრახუნებდნენ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. პოლოციელთა მტკიცებით, მან "თბილისი მოლთან" დემონსტრანტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით საავარიო სიტუაცია შექმნა.
გიორგი მონავარდისაშვილს, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლებაც ჩამოართვეს, პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებასაც ედავებიან. შსს-ის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, თუმცა როდის, ამ დროისთვის უცნობია.
მოქალაქემ მისი ავტომობილის ძებნაზე აყვანის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრში მანქანის ნომრის შესაცვლელად მივიდა.
დამაჯარიმეს 173-ე მუხლით და 123-ე მუხლით. ერთი მუხლი გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, მეორე პოლიციის შეურაცხყოფის მიყენებას. ახლა უკვე გამომიწერეს 1 500-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით ამიკრძალეს მართვის უფლება. შეურაცხყოფა უნდა განიხილოს სასამართლომ. არცერთ მუხლს არ ვეთანხმები და ორივეს გავასაჩივრებ. კადრებში ჩანს, რომ პოლიციისადმი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი.
20-მდე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ამ მანქანის დამტვრევა უნდოდათ. მე მათი კანონიერი მოთხოვნა არ გამიგია, დავინახე პოლიციელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დამეტოვებინა ტერიტორია და დავტოვე". - განაცხადა გიორგი მონავარდისაშვილმა.