შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, სულაც არ არის აუცილებელი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა. ამის შესახებ მან Fox News Radio-სთვის 21 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ბოლო სამი წლის განმავლობაში "იყო შეხვედრებზე" და ჯერ კიდევ ვერ შეძლო კონფლიქტის დასრულება.
"გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყოს შეხვედრებზე დასწრება", - თქვა ტრამპმა.
"როდესაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე <…> ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან ზელენსკი აქამდე ცუდად აწარმოებდა მოლაპარაკებებს", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინას არ აქვს ხელში კარტი მოლაპარაკებების დასასრულებლად.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს წინა პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ზელენსკის შეეძლოთ ომის თავიდან აცილება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აგრძელებს დიალოგს ორივე მხარესთან. „მე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რუსეთთან და უკრაინასთან.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი. მან უკრაინის პრეზიდენტს "დიქტატორი" უწოდა და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მოწოდებით გამოვიდა.
Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი არ ელოდა ასეთ მკაცრ ტონს ზელენსკის მიმართ ტრამპის განცხადებებში. რუსი ოფიციალურს პირებ, აღნიშნავს წყარო, ბოლომდე არ ესმით ტრამპის მოლაპარაკებების სტრატეგია და ასევე უფრთხილდებიან ამ პროცესში შესაძლო ხაფანგებს და მოულოდნელ შემობრუნებებს.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლები. შეხვედრის შემდეგ მხარეები ასევე შეთანხმდნენ შემდეგ რაუნდზე, რათა განიხილონ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება.