თავდაცვის ყოფილი მინისტრმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლების პოდკასტში „2150“ თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
"ჩემი აზრით, უნდა მიიღოს ოპოზიციამ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა", - ამბობს ალასანია, ამასთან აღნიშნავს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება "ცვლილებების არჩევნები".
"ვერ ვიტყვი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყველა ვარიანტში შედგება და ამისთვის საზოგადოება სერიოზულად უნდა მოემზადოს. ყველა ვარიანტში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
უწყვეტ საპროტესტო აქციებზე თქვა, რომ მისი აზრით, "რაღაც ეტაპზე" ეს "პოლიტიკურ პროცესში უნდა გადაიზარდოს".
"მე მგონია, რომ რაღაც ეტაპზე ქუჩის აქციები უნდა გადაიზარდოს რაღაც მოლაპარაკებაზე და გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში. აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ მიზნებზე და იმედი მაქვს, ასეც მოხდება", - თქვა ალასანიამ.
მისივე თქმით, საჭიროა შემდეგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთობლივი მზადება, არჩევნებისთვის მზადებაში გაერთიანება და დიალოგი.
"საჭიროა დიალოგი, ურთიერთობაც. არ მგონია, რომ აქ სრულყოფილი და იდეალური არჩევნები ჩატარდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, მომზადება, ადგილზე დამკვირვებლების მობილიზება, ბევრად უფრო უკეთესი შედეგის დადგომის შესაძლებლობას იძლევა", - თქვა ალასანიამ.