უკრაინის ევროპელ პარტნიორებს აქვთ ერთიანი და მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით. გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და აიღებენ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე კანადასთან, ისლანდიასთან და ნორვეგიასთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი“, - დაწერა მაკრონმა X-ზე.
მისივე თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები იზიარებენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
„მშვიდობისათვის ძალისხევაში ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ შემდეგი პრინციპების დაცვას:
უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული [მოლაპარაკებებში] და მისი უფლებები დაცული უნდა იყოს;
მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს საიმედო გარანტიები, რომლებიც იმსახურებენ ნდობას;
უნდა იყოს გათვალისწინებული ევროპელების შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა გაიზარდოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები და ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები.
გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს დღეებში და კვირებში“, - განაცხადა მაკრონმა.