საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ზურაბიშვილს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნულს ადასტურებს სამედიცინო დასკვნაც, რომელიც საქმეს თან დაერთო.
"სახის არეში აღენიშნებოდა ვიზუალურადაც და შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ვთხოვეთ და ჩვენი თხოვნით ჩაიტარა გუშინვე და სამედიცინო დაწესებულებამ გასცა ოფიციალური ცნობა, რაც ახლა მე დავურთე საჩივარს. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. სახის არეში როდესაც ესვრი ადამიანს, შეიძლება, იყოს ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. სახის არე ითვლება სახიფათო ზონად და ამიტომაც გაცილებით უფრო მკაცრია ასეთ დროს კანონმდებელი. საგნების სროლა პრეზიდენტის მიმართ, წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა და ეს იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს, ამისთვის არის ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა მას ცალკე დაემატება ის, რომ დაზიანება რადგან აღენიშნება, ეს ცალკე მაკვალიფიცირებელი გარემოება უდავოდ ქმნის აუცილებლობას გამოძიების დაწყების, - ამბობს ბესელია.