აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარება ყველა მხარის თანხმობით უნდა მოხდეს.
მან ასევე მიანიშნა, რომ ეს შეიძლება გახდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის საფუძველი.
რუბიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ნებისმიერი კონფლიქტის დასასრულებლად, ყველა მხარე უნდა წავიდეს დათმობებზე", მაგრამ არასწორი იქნება "მათი წინასწარ განსაზღვრა".
მან ასევე განაცხადა, რომ ყველა მხარე უნდა დაეთანხმოს სამომავლო დარეგულირების პირობებს.
„მნიშვნელოვანია ორი რამის გაგება. პირველი ის არის, რომ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება, რომელსაც შეუძლია ადამიანების შეკრება, რათა ამაზე სერიოზულად ისაუბრონ, არის პრეზიდენტი ტრამპი.
მეორე, რასაც ვიტყვი, არის ის, რომ კონფლიქტი რომ დასრულდეს, ყველა ჩართული მხარე უნდა დაეთანხმოს მის გადაწყვეტას, ეს მათთვის მისაღები უნდა იყოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან მიანიშნა ევროკავშირის სამომავლო როლზე და თქვა, რომ „არსებობენ სხვა მხარეები, რომლებსაც სანქციები აქვთ დაწესებული და ევროკავშირს მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლა რაღაც მომენტში, რადგან მათაც აქვთ სანქციები დაწესებული“.
„მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება ისე, რომ იყოს სამართლიანი, ხანგრძლივი, მდგრადი და მისაღები ყველა მონაწილე მხარისთვის. როგორ გამოიყურება ეს? ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას“, - აღნიშნა რუბიომ.