„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა, შიმშილობს. 4 თებერვლიდან ის კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე დააკავეს. პლაკატზე ეწერა: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამათალდარღევათა კოდექსის 173-ე მუხლის I ნაწილის დარღვევას – პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ამავე აქციაზე მზია ამაღლობელი მეორედ, ამჯერად სისხლის სამართლის წესით დააკავეს, კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
„დაზარალებული” ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეა. როგორც პროკურატურა და მოწმე პოლიციელები ამტკიცებენ, მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელმა მას სილა გააწნა, დგებუაძეს ყური და ლოყა აუწითლდა.
14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო ადვოკატების შუამდგომლობა მზიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლისა და მისი გათავისუფლების შესახებ.