ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ესპანეთი არ გაგზავნის თავის სამხედროებს უკრაინაში. იუწყება Reuters.
პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტის წინ მან თქვა, რომ ჯერ ნაადრევია უკრაინაში ჯარების განლაგების საკითხზე საუბარი.
„ამჟამად მშვიდობა არ არის, ამიტომ ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მშვიდობის რაც შეიძლება მალე მისაღწევად. ვინაიდან გასაგებია, რომ ევროპელებს ყოველთვის სურდათ მშვიდობა, ეს მათზე და უკრაინელებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა“, - განაცხადა მან.
ალბარესმა დასძინა, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დამთავრდეს აგრესორის დაჯილდოებით.
„ჩვენ არ შეგვიძლია, წავახალისოთ სხვები აგრესიული ომების წამოწყებაში. დარწმუნებული ვარ, პუტინი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას. ასე რომ, მე ვერ ვხედავ სიმშვიდეს ჰორიზონტზე“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მშვიდობა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ არის.
"ეს უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი. არ შეიძლება იყოს ჯილდოები დაპყრობითი ომებისთვის და ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ გაჩერება მომავალი ომის წინ", - თქვა მან.