უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და პირველ ლედთან, ემინე ერდოღანთან.
"გაცვლის საკითხი: ყველა ძალისხმევა გაგრძელდება ჩვენი ხალხის სამშობლოში დასაბრუნებლად. სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. პირველი ლედის საგანმანათლებლო და კულტურული დიპლომატია", - განაცხადა ზელენსკიმ.
თურქულმა მხარემ მანამდე განაცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტის დროს განიხილება ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ასევე უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენები.
ზელენსკიმ, რომელიც გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციას დაესწრო, იქ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა დაგეგმილ საგარეო ვიზიტებზე და თქვა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კონტაქტების შემდეგ ის გაემგზავრება საუდის არაბეთსა და თურქეთში.