მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. ამიტომ, მე, როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა, - პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.
მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.
მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა“, - წერს გახარია.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს - ის საპატიმროდან კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს მზია ამაღლობელის კოლეგებს, ოჯახს და ადვოკატებს მოუწოდა, რომ "დაარწმუნონ მზია სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი"