„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის პროცესს აფასებს.
ორგანიზაცია წერს, რომ „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ ბრალდება მოკლებულია ფაქტობრივ და იურიდიულ საფუძვლებს.
TI-ის ხაზს უსვამს, ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი საქართველოს დე ფაქტო მმართველია, რომელსაც მიტაცებული აქვს ყველა სახელისუფლო ინსტიტუტი და რომელზეც ერთპიროვნულ კონტროლს ახორციელებს, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია.
„გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს. ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს ბაჩიაშვილი დამნაშავედ ეცნო”. – აცხადებს ორგანიზაცია.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.