ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნოთ, ვანუგეშოთ – თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა.შ.
ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბაშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა სჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!“,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.