ათასობით სტუდენტმა სერბეთის ქალაქ კრაგუევაცის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართა.
პარალელურად, ხელისუფლების მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია გაიმართა ქალაქ სრემსკა-მიტროვიცაში.
Reuters-ის ცნობით, შაბათს ბელგრადიდან უამრავი ადამიანი გაემგზავრა კრაგუევაცში, რომელიც დედაქალაქიდან დაახლოებით 140 კმ-ში მდებარეობს. ზოგიერთი აქტივისტი რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხით მიდიოდა ბელგრადიდან, ნოვი სადიდან და ნიშიდან.
მომიტინგეებმა გადაკეტეს ქალაქის მთავარი ბულვარი და 15-წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს 2024 წლის 1-ელ ნოემბერს ნოვი სადის მატარებლის სადგურის სახურავის ჩამონგრევის დროს დაღუპული 15 ადამიანის ხსოვნას.
სერბეთი 15 თებერვალს სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს, ამიტომ სტუდენტები აფრიალებდნენ ეროვნულ დროშებს და მსვლელობის დროა დასარტყამ ინტრუმენტებს იყენებდნენ.
Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა მათ დემონსტრანტებს ესალმებოდა.
AFP-ის ცნობით, სიცივის მიუხედავად, აქციის მონაწილეები გვიანობამდე არ დაშლილან.
პარალელურად, პატარა ქალაქ სრემსკა-მიტროვიცაში გაიმართა ხელისუფლების მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია.
Associated Press-ის ცნობით, იქ ავტობუსებით ხალხი მთელი ქვეყნიდან, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკიდან მიიყვანეს.
სერბეთის უნივერსიტეტის სტუდენტები ხელმძღვანელობენ მასობრივ ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელიც დაიწყო 1-ელ ნოემბერს ნოვი სადის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შემდეგ. ტრაგედიას 15 ადამიანი ემსხვერპლა.
აქციები სერბეთში უკვე თითქმის ოთხი თვეა, გრძელდება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა მთავრობაში არსებულმა კორუფციამ და სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაუდევრობამ გამოიწვია.
იანვრის ბოლოს საპროტესტო გამოსვლების ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი. მანამდე, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო თანამდებობა დატოვა ორმა მინისტრმა – მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობის სამინისტროების ხელმძღვანელებმა.