საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის ლიდერებს პარიზში საგანგებო სამიტზე იწვევს, რათა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნაბიჯები განიხილონ . ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
პოლონელი მინისტრი მოელის, რომ ევროპელი ლიდერები "ძალიან სერიოზულად" განიხილავენ ტრამპის მიერ შექმნილ პრობლემებს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ჩვენი ლიდერები პარიზში მიიწვია“, - თქვა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპის მუშაობის მეთოდს რუსები „დაზვერვით ბრძოლას“ უწოდებენ.
ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეხვედრა ორშაბათს გაიმართება.
ჯერ გაურკვეველია, დაესწრება თუ არა შეხვედრას ევროკავშირის ყველა ლიდერი, ან ქვეყნების მხოლოდ მცირე ჯგუფი, ან მოწვეული იქნებიან თუ არა სხვა ევროპელი ლიდერები, როგორიცაა ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრი კირ სტარმერი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც სიკორსკისთან ერთად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა, საგანგებო სამიტის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
მოგვიანებით სიკორსკიმ თქვა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ორშაბათს შეხვედრას მაკრონის მიწვევით დაესწრება.