ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის იშვიათი წიაღისეულის რესურსების 50%-ის მფლობელობის გადაცემა შესთავაზა.
ამასთან, მიანიშნა მზადყოფნაზე, განალაგოს ამერიკული ჯარები დეპოზიტების დასაცავად, თუ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება შედგება. ინფორმაციას NBC ოთხ ამერიკელი ოფიციალური პირზე დაყრდნობით წერს.
ინფორმირებულ ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, 12 თებერვალს, კიევში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ შედგენილი ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება აშშ-თან ჯერ არ არის ხელმოწერილი და დამუშავების სტადიაშია.
The Washington Post წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მიუნხენში აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე.
Reuters-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წარუდგენს აშშ-ს საკუთარ წინადადებას, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას დაეფუძნება.
ამასთან, გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიუნხენში ამერიკელი სენატორების ორპარტიულ დელეგაციასთან 90-წუთიანი შეხვედრის დროს, ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ტრამპის გუნდის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.